ერთმნიშვნელოვნად შსს-ში გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში გარკვეულწილად უნდა იყოს ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებაში დაგეგმილი რეფორმების საკითხზე, „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
შს მინისტრის თქმით, რეფორმის სტრუქტურული მხარე შსს-ს ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებული აქვს და დღეს ამ რეფორმის შინაარსობრივ მხარეზე უნდა იყოს მსჯელობა. გიორგი გახარიამ ასევე რეფორმის იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც შსს-მ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა.
“ერთმნიშვნელოვნად შსს-ში გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძოებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში გარკვეულწილად უნდა იყოს ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი, რა თქმა უნდა, ოპერატიული და საუბნო მიმართულებებით, სინერგიის და ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი, რაც გავაკეთეთ – 1200-ზე მეტი გამომძიებლის კვალიფიკაციის დონე შევაფასეთ. ამის შემდეგ, ამ შეფასების საფუძველზე მოხდა მათი გადასამზადებელი კურსების შემუშავება. რა თქმა უნდა, ასევე გაჩნდა საბაზისო კურსები და ამასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ შსს-ში მიღების წესი, რომელიც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი, რაც უკვე დაწყებულია. შესაბამისად, ჩვენ დღეს თქვენთან ერთად ვხსნით დისკუსიას რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ჩვენ ფაქტობრივად, დასრულებული გვაქვს”, – მიმართა გიორგი გახარიამ კონფერენციის მონაწილეებს.