საზოგადოება

ვრცელდება „კანონიერი ქურდის“ დაკავების კადრები (ვიდეო)

2019/08/13 14:54:26
ნანახია 346 ჯერ

რუსული მედია ცნობილი სომეხი „კანონიერი ქურდის“ რაშიდ ხაჩატრიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.

„რომელი კანონი? მთელი ცხოვრება უკანონოდ ვცხოვრობდი“, – ასე პასუხობს დაკავებული სამართალდამცველების კითხვას – არის თუ არა ის „კანონიერი ქურდი“.

53 წლის ხაჩატრიანი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ჯამბულსკის“ მეტსახელით იცნობენ თათრეთის რესპუბლიკაში დააკავეს. ადგილობრივი გაზეთის, “BUSINESS Online”-ის  ინფორმაციით, ხაჩატრიანი ყაზანის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მინიმუმ 8 სექტემბრამდე დარჩება, რის შემდეგაც გადაწყდება მისი ქვეყნიდან გაძევების, ან თათრეთში გასამართლების საკითხი.

„დადგინდა, რომ ხაჩატრიანმა შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილნი არიან ადგილობრივი მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვაში, რომელთა ნაწილი პირდაპირ ორგანიზატორისთვის იქნა გაგზავნილი”, – აცხადებენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები.

წინასწარი შეფასებით, მიყენებული ზარალი 5 მილიონ რუბლს აღემატებოდა. პოლიციამ „ჯამბულსკის“ კრიმინალური ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა. ჩხრეკისას ამოღებულია ცივი იარაღი, SIM ბარათები, მობილური ტელეფონები, 1 მილიონზე მეტი რუბლი და 6 ათასი დოლარი.

 

კომენტარები