საზოგადოება

29 წლის გორელ ლაშა ჩოჩიშვილს მეცხრე დღეა უშედეგოდ ეძებენ – რას ყვება დაკარგული სამხედროს დედა(ვიდეო)

2019/09/10 22:27:10
ნანახია 265 ჯერ

უკვე მე-9 დღეა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში მცხოვრებ 27 წლის ლაშა ჩოჩიშვილს უშედეგოდ ეძებენ. როგორც დაკარგული ახალგზარდის დედამ, ნათელა ლეჟავამ “კვირას” განუცხადა, ბოლო კომუნიკაცია ოჯახთან კვირა დღეს შედგა, როდესაც ლაშამ საკუთარ დას 12:00 საათზე დაურეკა და თანხის ჩარიცხვას შეჰპირდა.

ლაშა ჩოჩიშვილი 8 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ჩოჩიშვილის დედა შვილის დაკარგვას 8 წლის თავზე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ჯილდოს სახით დარიცხულ 7 000 ლარს უკავშირებს და შვილის აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილებაზე საუბრობს.

“2 სექტემბერს არ გამოცხადდა სამსახურში, დამირეკეს თავდაცვის სამინისტროდან, რომ ლაშა სამსახურში არ მოვიდაო. როგორც შემდეგ გავიგე, პარასკევს დათხოვნა დაუწერია და მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წასულა. შაბათს მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, დაახლოებით 22:00 საათზე ამ გოგონას სახლი დატოვა და 01:00 საათზე “მესიჯი” გაუგზავნა ტექსტით “ღამემშვიდობისა“. კვირას ჩემს გოგონას დაურეკა დილით და უთხრა, რომ თანხას დაურიცხავდა. ამის შემდგომ ლაშას ტელეფონი გაითიშა და დღემდე ვეღარავინ ვუკავშირდებით.
როგორც პოლიციამ მითხრა, ორშაბათს ლაშას საბანკო ანგარიშიდან თანხა მთლიანად მოხსნეს. მომდევნო დღეს კი ერთ-ერთ ლომბარდში, 16:30 საათზე ტელეფონი 700 ლარად დაალომბარდა. როგორც ლომბარდის მეპატრონეებს უთქვამთ ჩემი შვილი აცახცახებული შემოვარდნილა და საჩქაროთ ითხოვდა ფულს. ჩემი შვილის კვალი თბილისში ნუცუბიძის პლატოზე ქრება. მგონია, რომ ეს ყველაფერი ლაშას აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია, ხშირად მიდიოდა კაზინოში და იქ თამაშობდა ხოლმე. ჩვენთან უკვე იყვნენ თავდაცვის სამინისტროდან და შემპირდნენ, რომ შვილს მიპოვნიან. ჩემს შვილს სხვა გეგმებდი ჰქონდა,  ამ კვირაში უკვე მესამედ უნდა წასულიყო ავღანეთში სამშვიდობო მისიით”, – გვიყვება ნათელა ლეჟავამ.
როგორ თავდაცვის სამინიტროში აცხადებენ, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.

უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს-ს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი“, – ამბობენ უწყებაში.

კომენტარები