„გუშინ მეტროში ერთი პატარა გოგო ვნახე, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. სამწუხაროდ ასეთი პატარები ძალიან ბევრი გვყავს, მათ წართმეული აქვთ შანსი, რომელიც მის სხვა თანატოლებს აქვთ“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ბავშვის უფლებების კოდექსის“ პროექტს განიხილავენ.
როგორც სოფო კილაძე ამბობს, ის სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხშირად დადის, სადაც ბავშვები ჰყავთ და მაქსიმალურად ცდილობს ტკივილი შეუმსუბუქოს, თუმცა ამას ცალკეული პოლიტიკოსი ვერ შეძლებს და ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სისტემური მიდგომა. ამ სისტემას კი, დეპუტატის თქმით, ქმნის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
„ჩვენი მიზანია დავიცვათ თითოეული ბავშვის უფლებები, საქართველოში ოჯახები იყოს ძლიერი, რომ ამ ოჯახში თითოეულ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, აღიზარდოს. თუ ოჯახში არის რაიმე პრობლემა, მაგალითად ფინანსურად შეჭირვებულები, მშობელი ან მშობლები არიან ნარკო დამოკიდებული, აზარტულ თამაშზე დამოკიდებული და ა.შ. ამ ოჯახებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ გაძლიერდნენ, ბავშვები კი არ უნდა წავართვათ და მინდობით აღზრდაში კი არ გავამწესოთ. ჩვენ ამ კოდექსის საფუძველზე გვექნება კონკრეტული არაფორმალური განათლების პროგრამები, სადაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით შრომას უსაქმურობის ნაცვლად, სადაც ბავშვებს ვასწავლით, რომ აზარტულ თამაშებში არ უნდა იყვნენ ჩართულები, ერთმანეთზე არ უნდა ძალადობდნენ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ბავშვები, რომლებმაც იციან საკუთარი უფლებები, მაგრამ ამავდროულად ისიც იციან, რომ საკუთარი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება. ბავშვები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, რომ მათ აქვთ მოვალეობები საკუთარი ოჯახის წინაშე. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვი, ამ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, ამ სტანდარტებს ამაღლებს ბავშვის უფლებათა კოდექსი. ჩვენ გვყავდა ერთი ძალიან დაუცველი სეგმენტი, ბავშვები, რომლებიც 18 წლის შემდეგ გადიან მინდობის აღზრდიდან და ფაქტობრივად ისინი იყვნენ ბედის ანაბარა მიტოვებულები, ამ კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფო ბედის ანაბარა კი არ მიატოვებს ამ ბავშვებს, არამედ იზრუნებს მათზე მანამ, სანამ ისინი დადგებიან ფეხზე, მათ ექნებათ სამუშაო ადგილი, იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. იურიდიული დახმარება ბავშვებისადმი იქნება უფასო, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საკუთრი უფლებების უკეთესად რეალიზების“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.