სამართალი

სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2016/05/12 11:15:09
ნანახია 1,589 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამირან შ. დააკავეს.

როგორც სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამირან შ-მ ორგანიზება გაუკეთა ქალაქ ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფიდან გვირაბის კუსტარულად გაყვანას, მიწისქვეშ არსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების – ე.წ. წიდის უკანონოდ მოპოვებისა და შემდგომში მისი რეალიზებით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით. ხსენებული მაღაზიის იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე და ასეულობით მეტრის სიგრძეზე გაყვანილია კუსტარული გვირაბი, საიდანაც ე.წ. წიდის უკანონოდ მოპოვება ხდებოდა. აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის სანაცვლოდ ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც ქრთამის სახით პირველ ეტაპზე 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა. ამირან შ.-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული 700 ლარი გადასცა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო. გამოძიება გრძენდება ე.წ. წიდის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და დანაშაულში შესაძლო სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.

კომენტარები