პოლიტიკა

კახა კალაძე – ევროპა თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია

2019/12/14 17:38:33
ნანახია 275 ჯერ

თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ შეკრებილებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კალაძემ მიმართა. მან საზოგადოებას მიულოცა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„ეს არის ის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვიდრების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც იმართება დღევანდელი, ეს მასშტაბური შეხვედრა-ღონისძიება.

ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის. პირადად, ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს, თავისუფლება ვაჟა გაფრინდადვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს.

კახა კალაძის თქმით, ევროპა თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია.

„ეს ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა. ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გადაატანინებს ჩვენ საყვარელ ქვეყანას. დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი საყრდენის, თავისუფლების და ტოლერანტობის ცენტია ევროპა. ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის გამო ვართ ისტორიულად ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის წევრი. ევროპა საქართველოს სახლია.

მინდა, პირად მაგალითზე გითხრათ, რომ როდესაც პოსტსაბჭოთა სივრციდან, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყაროდან ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, მილანში ჩავედი სათამაშოდ, მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა ამ უცხოენობრივ, უცხოკულტურულ სივრცეში თავის დამკვიდრება.

თუმცა, ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ქართველებისთვის ეს არ არის უცხო სივრცე და გარემო. მეტიც, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ისინიც ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას.

ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, ეს იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები. იქ ადამიანის შრომას და საქმისთვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებენ, ჩვენთან კი 70-წლიანმა რეჟიმმა შრომის და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დამოკიდებულება ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება და დღეს მე აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით ვხედავ ნამდვილ, გულანთებულ ქართველებს, ენერგიითა და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაში და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები