გოგა ხაინდრავა ზოგიერთ მედიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.
გოგა ხაინდრავამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ტელეკომპანიები: „ფორმულა“, მთავარი“ და „ტვ პირველი“ დაადანაშაულა. მან ერთ-ერთ მაგალითად ბოლო დღეეში გახმაურებული ფაქტი მოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს გავლით სომხეთს, აზერბაიჯანის სასწინააღმდეგოდ, იარაღი მიეწოდა.
„ამ მაუწყებლობებმა განაცხადეს, რომ საქართველო სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ, აწვდის იარაღს, რათა განხორციელდეს საომარი ქმედება, რაც არის ცილისწამება და სიცრუე. აზერბაიჯანის მედიაში რომ ეს ფაქტი გაშუქდა, მერე რა? აზერბაიჯანის მედიაზე პასუხს აზერბაიჯანი გასცემს. ქართული მედია რას ავრცელებს – დღევანდელი საინფორმაციო სივრცე ღიაა. ეს ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად მოედინებოდა „მთავარიდან“, „ფორმულადან“ და „ტვ პირველიდან“, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. იმას კი არ მოიკითხავენ, აზერბაიჯანული მედია რას ავრცელებს, მოიკითხავენ ქართული მედია რას ამბობს. ამას ამტკიცებს ქართული მედია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მან ასევე ისაუბრა ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზეც, სადაც ასევე იყო საუბარი რუსთავში წარმოებულ ამონიუმის გვარჯილაზე.
„ის, რომ ამონიუმის გვარჯილა რუსთავიდან იყო წაღებული, თუ ბათუმის პორტიდან, იმ აფეთქებასთან არანაირ კავშირში არ არის, რადგან 8 წელი გავიდა. ბეირუთის პორტში აფეთქდა არა ეს ამონიუმის გვარჯილა, არამედ სხვა ნივთიერება. სხვათაშორის, ამ აფეთქებაზე საინტერესო ვერსიები გაჩნდა. ეს პორტი ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან არ კონტროლდება, არამედ ჰესბოლას მიერ. ამერიკის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ძალიან დიდი ეჭვია, ეს იყო ტერორისტული აქტი. ამასთან საქართველოს გარევა სამშობლოს ღალატია! ეს არის დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან და ვერანაირად ვერ გაიმართლებ თავს, რომ შენ პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილს ებრძვი ან ქართულ ოცნებას, – დასძინა ხაინდრავამ.