მაშინ, როდესაც მსოფლიო საუბრობს კორონავირუსის მესამე ტალღაზე, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში COVID-19-ის პანდემიის მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. „საქართველოში ინფექციის გავრცელების მეორე ფაზა უფრო მოგვიანებით იყო, ვიდრე ევროპაში. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას მომზადებული შეხვდება.
„ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება, რაც ამსოფლიოს აქვს და რაც ჩვენ დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ და ასევე ვირუსის მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა COVID-19-ის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.