ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.
სუბარის თქმით, ხელახალი არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების გარდა, სხვა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება საუბარი.
„მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს უამრავ რამეში არ ვეთანხმები, ერთი რამ ფაქტია – როდესაც ის ამბობს, რომ იქ ძირითადად საუბარი იყო არჩევნების დელეგიტიმაციაზე და ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო ძალადობრივი გადატრიალება, ამას ისედაც ყველა ვხედავდით. ეს ყოველგვარი დახურული შეხვედრების გარეშეც გამოსჭვიოდა და ისედაც გამოდიოდა ღია გამოსვლებში. მან უბრალოდ ის დაადასტურა, რაც იქ ხდებოდა. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც გაემიჯნება მსგავს უკანონო ქმედებებს, მოწოდებებს და გეგმებს, ძალიან კარგ ნაბიჯს გადადგამს.
რაც შეეხება შეხვედრას, ჩემი პირადი აზრია, რომ უნდა შევხვდეთ ყველას, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს. საკითხები, რომელიც დაყენებული იქნება, ზოგი შეიძლება მისაღები, ზოგი კი მიუღებელი იყოს. იმის გამო, რომ ვიღაცამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ხელახალი არჩევნების, რეფერენდუმის ან რაღაც მსგავსის ჩატარება შეუძლებელი და დაუშვებელია. ეს არ მოხდება. დანარჩენ ნებისმიერ საკითხზე ბუნებრივია, საუბარი შეიძლება“, – განაცხადა სუბარმა.