მიხეილ სააკაშვილი კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასაფარად გამოიყენა.
სააკაშვილი კარტოგრაფების საქმეს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება პოლიტიკური მიზნით მოხდა, კერძოდ, კი მის გამო.
“შეეცადნენ სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვას ამ სამარცხვინო საქმით. ძალიან მწყინს და ძალიან განვიცდი იმას, რომ ჩემ გამო, უდანაშაულო ორი ადამიანი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამდენი თვეა, სხედან ციხეში. ეს არის სრულიად ამორალური, ცინიკური რაღაცა, რაზეც პასუხს აგებს არა მხოლოდ დამკვეთი ივანიშვილი, არამედ ყველა ის მოსამართლე, ყველა პროკურორი და ყველა ის არაფორმალური ადამიანი, ბოროტების განსახიერება, რომელიც ამ ორ წესიერ ადამიანს უსწრაფავს სიცოცხლის დღეებს”, – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა.