ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ იმ „სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარტიის დატოვებას და ექსპრემიერის გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში გადასვლას.
როგორც სამხარაძე წერს, ამ დეპუტატების მიერ მანდატის დატოვება უფრო სწორი საქციელი იქნებოდა.
„დავიწყოთ იმით, რომ…მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, „ოცნებამ“ არჩევნებში სხვისი სახელისა და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვაო. მითუმეტეს მაშინ, იმ „სხვისის” გუნდის წევრები, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ „სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ „სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ „სხვისი” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე?! კაცური ასეა! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს. თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას“,- წერს სამხარაძე.