„ქედს ვიხრი ქართველი სამხედროების წინაშე, რომლებმაც ამ საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ღირსეული წვლილი შეიტანეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს, რითაც ავღანეთის მისიის ეტაპობრივად დასრულების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის მისიის ეტაპობრივად დასრულებისა და საჯარისო შენაერთების ავღანეთის ტერიტორიიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებს 860 ქართველი სამხედრო მოსამსახურეც. საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2004 წელს ჩაერთო და ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნული მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო.
ქედს ვიხრი ქართველი სამხედროების წინაშე, რომლებმაც ამ საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ღირსეული წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებულ პატივს მივაგებ იმ გმირ სამხედროებს, ვინც მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის თავი გასწირა“, – წერს მამუკა მდინარაძე.