აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.
„ბაიდენის ადმინისტრაცია მკაფიოდ აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უარყოფითი ტრაექტორიის გაგრძელება საჭიროა. ამასთან, ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საფასურს დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ჩვენთვის ზიანის მიყენებას ისახავს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.
გარდა ამისა, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.
ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.