„ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-დან 3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.
„ყველა იმ პირისთვის, ვინც „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.
ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყო.