ნიკა მელიას მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკებების, ბატონ შარლ მიშელთან საუბრების შესახებ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა. ის არის მხნედ. რა თქმა უნდა, მას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. ვიდრე ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში, ნიკა მელიას ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ვითარების დეესკალაცია შეუძლებელია.
„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. არსებობს ბევრი ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება, ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. დღეს ესაა ყველა მხარის, ყველა პოლიტიკური ფიგურის საზრუნავი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.