არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო, გაცილებით უკეთესი შედეგი დადებულიყო, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა და არც კრიზისიდან გამოყვანა.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელმოწერა იჩქარეს.
„არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო, დადებულიყო გაცილებით უკეთესი შედეგი, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ელემენტარულად ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა. გასაგებია, ყველა იტყვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინეს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას უშველეს და ა.შ. ვინ იტყვის, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან მივიღე გადაწყვეტილებაო, მაგრამ ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა, რადგან კრიზისი არ განიმუხტება არც ერთ შემთხვევაში, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნის საკითხი არ გადაწყვეტილა, არ დანიშნულა ვადამდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, იჩქარეს ხელმოწერა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებში ბოიკოტის მოწინააღმდეგეების მონაწილეობა შეცდომა იყო.
„საერთოდ, სწორია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას თავის დროზე. ის, რომ ალეკო ელისაშვილს თავის დროზე თავისი სახელი არ დაერქვა, ამან დააზარალა პოლიტიკური პროცესი. ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე მომხრე იყვნენ პარლამენტში შესვლის და ბოიკოტის მოწინააღმდეგეები, ესეც ძალიან დიდი შეცდომა იყო, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, გუშინ ხატია დეკანოიძემ ეს თვითკრიტიკულად თქვა, რომ მათ წარმოადგენდა ადამიანი, რომელიც ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე მზად იყო, ოღონდ პარლამენტში შესულიყო“, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საუბარია სალომე სამადაშვილზე.
„როგორც კი ოპოზიციამ დაიწყო რყევა, როცა იგივე ევროპელებმა დაინახეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მზადაა, ოღონდ, პარლამენტში შევიდეს და მოაწეროს ხელი ამ შუალედურ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, მეტზე ევროპელებმა თავი არ შეიწუხეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.