პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
შეთანხმების მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესები აქვს.
„შეთანხმება ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურეობის გაცვლას, ასევე კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით. იგი ასევე, ითვალისწინებს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ დებულებებს. საქართველოს შემთხვევაში შეთანხმება ვრცელდება მოგების გადასახადსა და საშემოსავლო გადასახადზე, ხოლო პოლონეთის შემთხვევაში – საწარმოს მოგების გადასახადსა და ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადზე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი 2021 წლის 29 ივნისს მოეწერა, შემუშავებულია ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელის საფუძველზე და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას, მეორე მხრივ, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციას.
„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მოიცავს მუხლებს რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ამ ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს. პოლონეთთან არსებობს მოქმედი შეთანხმება, რომელიც იყო მოძველებული პრინციპებით. მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ განახლებულიყო შეთანხმება, ჩადებულიყო მასში ახალი პრინციპები ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საფუძველზე“, – განაცხადა მომხსენებელმა.