სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, 25 მაისს, ღამის საათებში კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „ვივამედისგან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურში აღნიშნვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და მასთან გამოძახებული იყო მორიგე ექიმი, თუმცა, ჩატარებული კვლევები საფუძველზე გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები არ გამოვლინდა.
„პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მ. სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ – „დაკარგა გონება“.
მ.სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალურიპარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლინდა, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ არის მიიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.