პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია

2016/05/24 17:55:29
ნანახია 1,341 ჯერ

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუ სუვერენიტეტი, თავისუფლება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული და ძალისხმევას არ დავიშურებთ ამის უზრუნველსაყოფად, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო არა მხოლოდ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ თავად ქმნის მათ.
„ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას. ეროვნულ დონეზე, ჩვენ ვაგრძელებთ ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება. საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და სულ მალე ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან.
„ჩვენ მზად ვართ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვითანამშრომლოთ. ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს (CSDP). როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველო თავის ჯარისკაცებს ევროკავშირის მალისა და ცენტრალურ აფრიკის მისიებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგაა მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად,საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას და მზარდ საფრთხეებს, რაც შეუძლებელია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
„რეგიონში NATO-ს აქტიურობასა და ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. NATO-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. ეს დაადასტურა NATO-საქართველოს პაკეტმა, რომელიც წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების აქტივობას გულისხმობს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ აქტიური ორმხრივი დახმარების შედეგად საქართველოსათვის მოტანილი სარგებლის მნიშვნელობას: მიმდინარე სამხედრო წვრთნები, “ღირსეული პარტნიორი” ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ წამოწყებაში მათი უდიდესი წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო. მე მყარად მწამს, რომ ძალა ერთობაშია და დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO-ს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტზე მოხდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია თბილისში დღეს გაიხსნა და მას საქართველოს მთავრობის წევრები, ექსპერტები, დიპლომატები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.

კომენტარები