ვიდეო არქივი

საზეიმო მიღება – (ვიდეო)

2016/05/27 10:27:12
ნანახია 2,144 ჯერ

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საზეიმო მიღება გამართა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეროვნული დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა მთელს საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და საერთაშორისო მისიების მონაწილე ჯარისკაცებს.
მისი თქმით, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო უდიდესი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში, რითაც საქართველომ მიაღწია თავის ისტორიულ მიზანს და განვითარების ახალ გზას დაადგა. პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
„სახელმწიფოს ისტორიისთვის 25 წელი ცოტაც არის და ამავე დროს ბევრიც. ცოტაა იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა, რომელსაც ამდენი ხანი წართმეული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა. და ბევრია იმიტომ, რომ ამდენი რამ დაიტია – ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლი, დაკარგული ტერიტორიები – ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფასური გახდა. მინდა პატივი მივაგო სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო დიდი ნაბიჯებით მიდის წინ დემოკრატიული განვითარებისკენ, წარმატებით გადის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.
„მიუხედავად სიმცირისა, საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ თავისი კულტურითა და ტრადიციებით შევიდეს ევროპულ ოჯახში და იყოს მისი სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა საქართველოს მომავლის! მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში,“ – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები