4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ერთ ბრალდებულს – ევა შაიშაშვილს კი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
კერძოდ, დღეს გათავისუფლდნენ ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დავით ღურწკაია. ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.
ბრალდებულებმა დაადასტურეს, რომ ისინი აღიარებენ წარდგენილ ბრალს და თავს დამნაშავედ ცნობენ. მათ ასევე უდავოდ ცნეს მტკიცებულებები. მათმა ნაწილმა მედიასთანაც დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა როინ ხინთიბიძემაც.
„8 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მათ მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით და როგორც დავპირდით, ჩვენს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, თუ კიდევ ვინმეს სურს, რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, სანამ განაჩენი გამოცხადდება. ეს აღიარება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, გულწრფელი. როგორც კი ასეთი რამ გვექნება, ჩვენ ვიმსჯელებთ მათთანაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე”, – განაცხადა როინ ხინთიბიძემ.
