რეგიონები

ვიდეოკადრები ახალქალაქიდან, სადაც მკვლელობას რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობას რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.

სამართალდამცველები ქალაქში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. ადგილზე მოსახლეობა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში მობილიზებულია პოლიცია და ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობა.

​„მკვლელობის შემდგომ ქალაქში დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში შეეცადნენ სავარაუდო მკვლელის უძრავი ქონების დაზიანებას. დააზიანეს კიდეც, დაწვეს სასტუმრო და სახლი“, – აცხადებს გუბერნატორი.

მისივე თქმით, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს და ამ დროისთვის, სიმშვიდეა.

„ცალსახად, რაც ჩემთვის ცნობილია, არანაირ პოლიტიკური არ უკავშირდება ეს კრიმინალური შემთხვევა, არც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არ არის“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.

კომენტარები