„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში“ სერგეი ლავროვს შეხვდეს.
„მაგრამ თუ ასეთი რამ შედგება, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის N1 თემა არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს თუ იქნება ამოსავალი წერტილი და მიმართული იქნება იმისკენ, როგორ უნდა მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის შეხვედრა ჩაითვლება, როგორც შეხვედრა შეხვედრისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში“ რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადებას მიხეილ ჯანელიძე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აკეთებს.