საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის ბრიფინგს გამოეხმაურა.
მან გიგი უგულავას მიერ ორი დღის წინ გაკეთებული კომენტარიც გაიხსენა:
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის მერის, ბატონი კახი კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო ორი დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გააკეთა. მან თქვა, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდანო. როგორც ჩანს, გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, საქმეები, რომელიც მან თავის ჩრდილში გააკეთა, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემა, რომელიც მისი არქიტექტურული მემკვიდრეობაა, დღეს კახი კალაძის მოსაგვარებელია. მან ეს შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც ინვესტორის ინტერესები იკვეთებოდა, – საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა, – წარმატებით მოაგვარა. აი, ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ლიდერობის, ასე ვთქვათ, მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იცით, რომ წინასწარ დიდი სკეპტიციზმი იყო ამ საკითხის მიმართ, მაგრამ თბილისის მერმა კახი კალაძემ შეძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა გიგი უგულავას, რომ დიახ, ის საქმეები, რომელიც მან ჩრდილში გააკეთა, გამოვიდა სააშკარაოზე. ეს საკითხები დღეს არის ჩვენი საზოგადოებისა და თბილისის მერის მოსაგვარებელი და თბილისის მერმა ეს საკითხი მოაგვარა ისე, როგორც თბილისსა და საზოგადოებას სჭირდებოდა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.