ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის ტაქტიკური მცდელობაა, რომ თვითონ გადარჩნენ, საკუთარი თავის გარშემო ყველა გააერთიანოს, თითქოს ყველას ემუქრება საფრთხე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განუცხადა.
ანა დოლიძე მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ანა დოლიძის განმარტებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში ნამდვილად არიან ღირსეული და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, თუმცა, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ცდილობენ საკუთარი თავის გადასარჩენად სხვებიც გააერთიანონ.
„პრობლემა არის ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩიჩალაძე. პრობლემაა ასევე ის ხალხი, ვისი მეშვეობითაც ისინი მართავდნენ და მართავენ სისტემას. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი თავის გარშემო გააერთიანონ ყველა მოსამართლე იმისთვის, რომ გადარჩნენ. ჩვენი პრობლემა ყველა მოსამართლე არ არის, სასამართლო სისტემაში ძალიან კარგი და პატიოსანი მოსამართლეებიც არიან, რომლებიც სისტემას წინააღმდეგობას ადრეც უწევდნენ და ახლაც. ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის ტაქტიკური მცდელობაა, რომ თვითონ გადარჩნენ, საკუთარი თავის გარშემო ყველა გააერთიანოს, თითქოს ყველას ემუქრება საფრთხე. სინამდვილეში, კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხები დგას ჩინჩალაძის, მურუსიძის მიმართ, ასევე იმ ხალხის მიმართ, რომელთა მეშვეობითაც ისინი მართავდნენ და მართავენ სისტემას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.