საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მათ სასამართლო რეფორმისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.
მათიკაშვილი აცხადებს, რომ გულდასაწყვეტი იქნება, თუ აღნიშნულ პროცესს არასამთავრობოების გამოეთიშებიან.
„ახლა ჩვენ გვაქვს პროცესთან საქმე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება პარლამენტში განხილვებს. ამ პროცესიდან გათიშვა არ მგონია, რომ იყოს პროდუქტიული ნაბიჯი. მართალია, შემადგენლობა არის დიდი, გადატვირთული, მაგრამ ჩვენვე გვაქვს მაგალითი, რომ სწორედ ასეთმა შემადგენლობამ ძალიან წარმატებით იმსჯელა და მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საჯილდაო ქვა და ვერ ხდებოდა ასეთ დოკუმენტზე შეთანხმება. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შეხვედრებიც არის წარმატებული. შეიძლება ერთზე მეტი შეხვედრა დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული. ამ შეხვედრაში ყველა მოთამაშეა გარდა იმ პირებისა, რომლებიც ვახსენებთ. არის ინტერსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ისინი მოწვეულნი არის არასამთავრობო სექტორთან ერთად, ჯერი მათზეა. საუბარი იმაზე, თუ რატომ მიიღო „ევროპულმა საქართველომ“ ასეთი გადაწყვეტილება, ეს ოთარ კახიძეს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება არასამთავრობოებს, მე უბრალოდ გული მწყდება რომ ეს გზა აირჩიეს მათ. არ მგონია, რომ რესურსი ამოწურულია. თუკი არასამთავრობოები ამას მოინდომებენ კვლავ შესაძლოა მათი ჩართვა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა. ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.