სამართალდამცავებს მივმართავ, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას.
ამასთან, სოფიო კილაძე გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა მმართველი გუნდის რომელიმე წევრს გაევრცელებინა.
მისივე განმარტებით, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, რომ სასამართლოს თემის გამო, ხელისუფლება ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს.
„რეგიონებში მაქვს შეხვედრები საზოგადოებასთან და ცოტა მოგვიანებით მიწევს ამ თემაზე გამოხმაურება. პირველ რიგში, სამართალდამცავებს მივმართავ, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას.
ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ მთავარია იმ ფასეულობების დაცვა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია და რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტური ღირებულება. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დიდი უბედურება, რასაც ჰქვია სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება და ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა.
იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მე არ მგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, როგორც ეს მავანს სურს წარმოაჩინოს.
ვერც სასამართლოს თემა იქნება ამ საქმის თავი და თავი. უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველანი შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებთან, ასევე, პროცესის წარმართვასთან მიმართებით და აზრთასხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე ფაქტობრივად აღარ დარჩა.
ამაზე, შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის სხვადასხვა წევრი თავად საუბრობდა მედიასთან. ამიტომ, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, თითქოს სასამართლოს თემის გამო, ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს ხელისუფლება“, – წერს სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას”
2019/01/29 12:40:39

კომენტარები
ნანახია: 533 ჯერ