„წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ “ულაიქებს” თავის გამოთქმებს და ოჯახის წევრები”, – ამ სიტყვებით ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც ანა დოლიძის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.
ანა დოლიძის თქმით, გვრიტიშვილის განცხადებები მისთვის მნიშვნელობამოკლებულია.
„წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ “ულაიქებს” თავის გამოთქმებს და ოჯახის წევრები. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე. თუ ვინმე უფრო ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა და რაღაც აზრებს იტყვის, სიამოვნებით გამოვეხმაურები“, – ამბობს ანა დოლიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის, ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დააყენეს.
„კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც ანა დოლიძის დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არალეგიტიმური იყო: ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მე-10 დასკვნის („მართლმსაჯულების საბჭო საზოგადოების სამსახურში“) 23-ე პუნქტში ვკითხულობთ: „მართლმსაჯულების საბჭოს წევრობის კანდიდატები არ უნდა იყვნენ აქტიური პოლიტიკოსები, პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადმინისტრაციის წევრები“. აბა გავიხსენოთ, 2018 წლის 8 იანვრისათვის ანა დოლიძე სად მუშაობდა? საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მისი ადმინისტრაციის წევრი იყო! ასევე გვახსოვს, რომ იყო აქტიური პოლიტიკოსიც, როგორც ახლა, პოლიტიკური შეფასების გარეშე არ ტოვებდა საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების არც ერთ სფეროს და მოვლენას! ესეც ხომ გვახსოვს: ,,პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი, ქართული პოლიტიკის შარიკოვი“ – ანა დოლიძის სიტყვებია, წარმოთქმული 2017 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის მიმართ! ამდენად, პრეზიდენტყოფილმა მარგველაშვილმა დაარღვია საერთაშორისო სტანდარტი, ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნისას! ანა დოლიძემაც შეიტკბო ეს თანამდებობა და ჩვენი ლანძღვის ხარჯზე იგროვებს პოლიტიკურ დივიდენდებს!“ – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი გვრიტიშვილი.
ანა დოლიძე – წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ “ულაიქებს”…
2019/02/02 19:11:52

კომენტარები
ნანახია: 747 ჯერ