„ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეაჩეროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ეკა ბესელია გამოცემასთან საპარლამენტო უმრავლესობის იმ სხდომის დეტალებზე საუბრობს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში შაბათს გაიმართა და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
„არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები უნდა შეიმუშავოს, რადგან ჩემთვის მიუღებელია, კანონი იმავე მოსამართლეებთან ერთად დავწეროთ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჯალათების როლში იყვნენ და რომლებსაც სულ ახლახან სრულიად სამართლიანად ვუთხარით უარი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებაზე. ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეაჩეროს. ამ ინიციატივას რამდენიმე დღეში პარლამენტში ოფიციალურად დავაყენებთ და მოვითხოვთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით იქნას მიღებული“, – აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 2 თებერვალს, პარტია „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ და 7 საათის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების საკითხზე მსჯელობდნენ. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ეკა ბესელია – ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეაჩეროს
2019/02/04 13:10:19
კომენტარები
ნანახია: 647 ჯერ