მათემატიკური აზროვნება არა მარტო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს, არამედ პოლიტიკოსსაც სჭირდება, კარგად ვარჩევ, რომელი დეპუტატი აზროვნებს მათემატიკურად, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„მათემატიკური აზროვნების გამომუშავება ნიშნავს ლოგიკური აზროვნების გამომუშავებას და ეს ყველა სფეროში საჭიროა. მაგიდასთან დამრჩა „სამსუნგის“ ტელეფონი, სადაც პირდაპირ ტექსტს საუბრობ და ხმა ნაბეჭდ ტექსტად გადაითარგმნება. ეს გააკეთეს ფილოლოგებმა, რომლებმაც ძალიან კარგად იციან მათემატიკა. მეტსაც გეტყვით და თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ მათემატიკური აზროვნება სჭირდება არა მარტო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს, არამედ პოლიტიკოსს, საჯარო პირს. ჩვენ ამ დარბაზშიც. მე პირადად კარგად ვარჩევ ხოლმე, რომელი პოლიტიკოსი, რომელი დეპუტატი აზროვნებს მათემატიკურად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.