საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გაიგივება კიდევ ერთი ანეკდოტია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული, საქართველოს და ვენესუელის პროცესები თუ ჰგავს ერთმანეთს თუმცა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი, რადგან ძალინ ბევრი კითხვა შემოვიდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავის დროზე საზოგადოების ინფორმირება არ მოხდა ინტენსიურად. ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ვენესუელაში არჩევნები ჩატარდა, საქართველომ არ ცნო აღნიშნული არჩევნები ლეგიტიმურად და შესაბამისად, არ ცნო ნიკოლას მადუროს რეჟიმი.
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლებმაც ვაღიარეთ ხუან გუაიდო, როგორც პრეზიდენტი, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც უნდა ჩაატაროს მომავალი არჩევნები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქრონოლოგია. რაც შეეხება სააკაშვილის ამ განცხადებას, კიდევ ერთხელ ანეკდოტების სიაში შევა. ამაზე მეტს ვეღარ დავამატებ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ვენესუელის პროცესები ერთმანეთს შეადარა.