უნდა იყოს მყარი მტკიცებულება, არაფერი საეჭვო, რაც კი შექმნის განცდას, რომ უსამართლობა ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბუნებრივია, ამ პროცესს ძალიან ბევრი დამკვირვებელი ჰყავს. ეს არის საკითხი, რომელმაც უთუოდ უნდა გაიაროს ძალიან რთული ტესტი, რომ გამოძიების პროცესში ეს საქმე სრულიად თავისუფალი იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან. ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, არ ვიცნობ საქმის დეტალებს და ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ ამან საზოგადოებაში ან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში არ უნდა დატოვოს არანაირი ეჭვი და კითხვა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. უნდა იყოს მყარი მტკიცებულება, არაფერი საეჭვო, რაც კი შექმნის განცდას, რომ უსამართლობა ხდება ქვეყანაში ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. ამიტომ, მიუკერძოებლობის და სამართლიანობის ძალიან მაღალი სტანდარტია საჭირო, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა უნდა აჩვენონ,“ – განაცხადა ბესელიამ.