ყველას გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება ისეთი, როგორც ოცნებობდა პოლიტიკური ემიგრაცია, ოცნებობს ახალი ემიგრაცია, რომელიც დღეს აქ არის და ხან წვალობს, ხან წარმატებულია იმისთვის, რომ საქართველოს დაუბრუნოს თავისი გამოცდილება, ცოდნა და ოცნებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მადლობა დახვედრისთვის. მადლობა, რომ არსებობთ. ჩემთვის ეს არის ძალიან უცნაური, ძალიან ემოციური დღე. ალბათ არასოდეს დამესიზმრებოდა, რომ ერთ დღეს აქ ვიდგებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ჩემი ძმა მიმიღებდა, როგორც სათვისტომოს პრეზიდენტი. ცხოვრება არის ძალიან უცნაური და ძალიან არაჩვეულებრივი. ჩემი მშობლებიც მახსენდება დღეს, რადგან დღეს ვიყავი ლევილში მათ საფლავზე და მათთვის ეს ალბათ იქნებოდა ყველა სურვილის, ოცნებების განხორციელება, რომლებისაც სჯეროდათ, სწამდათ. ეს არის უცხოეთში ყოფნა, რომ გწამს, შეიძლება, დაბრუნდე, არ დაბრუნდე. მე დავბრუნდი, ოთარი არ დაბრუნდა, მაგრამ ყველანი ვართ ერთი იმედით, რომ საქართველო იქნება და ჩვენ ყველამ წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში. იქნება ისეთი, როგორც ყველა ოცნებობდა, რომელმაც ამ ქვეყანაში გაიარა, იმ პოლიტიკურმა ემიგრაციამ, იმ ახალმა ემიგრაციამ, ვინც დღეს აქ არის და დღესაც აქ ხან წვალობს, ხან წარმატებულია იმისთვის, რომ საქართველოს დაუბრუნოს თავისი გამოცდილება, ცოდნა და ოცნებები მომავალი საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ამაში ერთნი ვართ. ეს არის მომავალი გზავნილები, რომლებიც მინდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოგიტანოთ აქ – რომ ჩვენ ვართ ერთნი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.