საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საგანგებო ბრიფინგს 12:00 საათზე გამართავს.
„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას“, – ასე უპასუხა გუშინ ბესელიამ შეკითხვას იმის თაობაზე, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ტოვებს თუ არა უმრავლესობას.
გუშინდელ კენჭისყრამდე მან თქვა და ივარაუდა, რომ ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა უმრავლესობის სახელით, რადგან მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ ჩავარდა.
პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.
შეახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.