დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
„ეკა ბასელიამ თავის წასვლის მიზეზად უკვე მრავალი მიზეზი დაასახელა, აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს ეს. მე იმისთვის წავედი, რომ მისი წასვლისთვის ხელი არ შემეშალა“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან ვანო ზარდიაშვილის მეგობრობას, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ თემაზე სპეკულირება რომ დასრულდეს, მაგალითად მოიყვანს ეკა ბესელიას მეგობრობას ზაზა მეიშვილთან, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა.
„ჩინჩალაძესთან მაქვს ზუსტად ისეთივე ურთიერთობა, როგორც ქალბატონ ეკა ბესელიას აქვს ზაზა მეიშვილთან და ქალბატონ ნონა წოწორიასთან. სამწუხაროდ, ამა თუ იმ პირთან მეგობრობა დანაშაული აღმოჩნდა, რატომღაც, ამ ორომტრიალში და ხმამაღალ განცხადებებში იკარგება ის ინფორმაცია, რომ ქალბატონი ეკას შვილის ნათლია არის ზაზა მეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის პალატას ხელმძღვანელობდა 10 წლის განმავლობაში. ქალბატონი ეკას ბავშვის ნათლიაა და უახლოესი მეგობარი ქალბატონი ნონა წოწორია, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. არ ვფიქრობ, ეს ცუდია, რომ ისინი მეგობრობენ. უბრალოდ, ცუდი არ არის ეკასთვის და ჩემთვისაა, მე მაგ პასუხს ვერ ვპოულობ, რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა,“ – აღნიშნა ზარდიაშვილმა.