თბილისის მერია დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა განათლების ხელშეწყობაა.
„ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას. მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი, ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის აკადემიურ საფეხურებზე. დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, ყოველწლიური 2250 და სემესტრული 1125 ლარით. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და სტუდენტი ქულების მიხედვით მიიღებს 50, 70, ან 100%-იან დაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის წამოწყება დათანადგომა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. ზოგადად, სტუდენტების მიმართ მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტით მხოლოდ და მხოლოდ სოციალურად დაუცველი მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.