ანაკლიაში მე ვაშენებდი ახალ სოხუმს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმარომში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პორტი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად განავითარებდა, თუმცა ის „თიბისის“ იმის გამო აჩუქეს, რომ მისივე თქმით, „თიბისი“-ში 50 მილიონის აქციები ივანიშვილმა იყიდა.
„როდესაც ეს იდეა გამოვაცხადეთ და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამის მშენებლობა, საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო, ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ჩათვალა, რომ ეს გაგიჟდა, როგორც ახლა ამბობენ, ხელისუფლებამ თავში დაარტყა, მეგალომანიაკია, გიჟია. მე იმაზე არ ვლაპარაკობ, ივანიშვილის რუსული პროპაგანდა რას აკეთებდა. ჩვენი თანამებრძოლები, ვინც მე მიყვარს და ვმეგობრობ, ზოგი გულში და ზოგი ღიად ამას ამბობდა. სინამდვილეში არის ძალიან მარტივი რაღაც. საქართველოს სჭირდება დიდი გარღვევა. ჩვენ დავკარგეთ წარმოუდგენელი რაოდენობის დრო. მოდით, დავიწყოთ მშენებლობა; ანაკლიის განვითარება დავიწყოთ. ანაკლიაში თავიდან ჩემი იდეა იყო ეს. იცით, ბევრი სხვადასხვა რამეებიდან ვიღებ იდეებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის ტერიტორიაზე სასტუმრო „აფხაზეთის“ ანალოგი 4-5 ვარსკვლავიანი შენობა უნდა ყოფილიყო. „ჩვენ გვაქვს აფხაზეთი, სადაც ჯერჯერობით ვერ ვაკონტროლებთ. მოსახლეობისგან დაცლილია, მაგრამ რაღაც ნაწილი სოხუმში და იქით ცხოვრობს. აქ ჩვენ ვაშენებდით ახალ სოხუმს. აქ მე ვაშენებდი ახალ სოხუმს. აქ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სასტუმრო „აფხაზეთს“, რომელიც იყო სოხუმის სიმბოლო, ახლა ბაყაყები დგანან, წყალია ჩამდგარი, სამი სართული ამოყვანილი იყო. 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ყველაფრით თანამედროვე. ფულიც მოპოვებული გვქონდა, მშენებლობაც დაწყებული. მერე ვთქვით, რომ მარტო ტურიზმით ვერ გავქაჩავთ. ჩვენ გვინდა რაღაც დიდი. ვთქვით, რომ კანიონი გვაქვს, მოდით, ავაშენოთ პორტი. მერე ეს ფული სასწრაფოდ აიღეს ბიუჯეტიდან, გადაყარეს ე.წ. უფასო ხვნა-თესვაზე და მინდა წარმოიდგინოთ საქართველოში სახნავ-სათესი შემცირდა ივანიშვილის დროს 25%-ით. ეს პორტი აჩუქეს „თიბისის“. რატომ? – იმიტომ, რომ „თიბისიში“ 50 მილიონის აქციები იყიდა ივანიშვილმა და აწიეს ფული, რომ ვითომ იქ რაღაც კეთდება. ეს აქციები იყიდა, მერე რუსეთმა დაუქნია თითი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.