„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ უაღრესად ეროვნული პროექტია, ვამაყობ, რომ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, ენის, კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ვიწრო ჯგუფი შეეცადა, საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია და აღნიშნული კოდექსისთვის ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა.
დეპუტატი აცხადებს, რომ მზად არის თითოეულ კითხვას უპასუხოს.
ამასთან, როგორც კილაძემ აღნიშნა, პროექტში იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გასწორდა.
„ყველა პროექტს სჭირდება დამუშავება და სწორედ იმიტომ არსებობს სამი მოსმენა კანონშემოქმედებით პროცესში, რომ ხარვეზები, არსებობის შემთხვევაში, აღმოიფხვრას. კონსულტაციების დროს აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის არასწორად მიწოდებას. პრინციპულად ყველა ეთანხმება აზრს, რომ ეს არის ეროვნული პროექტი და არც ერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც ამას გააბათილებს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ მსჯელობენ. საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვაში დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.