პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8-დან 19 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინე წეროძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბაზო და საშუალო განათლების მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში დაეუფლონ სასურველ პროფესიებს. სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში: ტურიზმი, მშენებლობა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჟურნალისტიკა, დიზაინი, ფინანსები და სხვა.
„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ფინანსდებოდნენ. თუმცა, ცვლილებების თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერმაც გააჟღერა, მიმდინარე წლიდან იმავე ოდენობის ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტებიც, რომელიც კერძო პროფესიულ სასწავლებლებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩააბარებენ. ცხადია, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ჩარიცხვის იგივე პროცედურა, რაც სახელმწიფო სასწავლებელში“, – განაცხადა ირინე წეროძემ.
პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პირადობის მოწმობით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ რესურს ცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე ვებგვერდზე – vet.emis.ge.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა ასევე უნდა გაიარონ რეგისტრაცია თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ.
ამასთან, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს ტესტირების გავლა რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე შეეძლებათ. ჩარიცხვის შემდეგ კი, მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობაც ექნებათ.
მიღება 3000 ათასამდე ადგილზეა გამოცხადებული.