საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვრცელ ინტერვიუზე თავისი შთაბეჭდილებები „ინტერპრესნიუსს” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ გაუზიარა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
“პოლიტიკოსმა რომ გულწრფელად ილაპარაკოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე აღარაა პოლიტიკოსი. მაგრამ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუში საკმაოდ ბევრი იყო წამოცდენილი სიტყვები. როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, სწორედ ეს წამოცდენილი სიტყვები არის ის, რაც წყალქვეშა დინებებს ამოძრავებს.
რობაქიძის მკვლელობაზე საუბარისას მას წამოცდა – ყველგან ხდება იარაღის ჩადება. მე როცა ადამიანს ვუსმენ, მინდა რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, ის იყოს ობიექტურად იმის ამსახველი, რაც არის. და თუ ობიექტურად ვერ ასახა, ფიქრობდე, რომ ის ობიექტურია. არასასიამოვნო განცდა დარჩა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით – ასე ყველგან არ ხდება, არადა, საპირისპირო რამ მოვისმინეთ”, – განაცხადა ნანა ჩაჩუამ ჟურნალისტ კობა ბენდელიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარმიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ისეთი შემთხვევა, როგორიც ბუტა რობაქიძის მკვლელობაა, ამერიკაში ყოველთვიურად ხდება.
„რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, ასეთი რაღაც ამერიკაში ყოველთვიურად ხდება. ძალიან ბევრგან ხდება პოლიციის მიერ იარაღის ჩადება, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. საქართველოში, სადაც იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, რას ვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არც გირგვლიანის და არც რობაქიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და „დიდი ღორობაა პრეზიდენტისთვის ამის დაბრალება“.
„ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. ამაზე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ვინც არ უნდა ილაპარაკოს… დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება“, – განაცხადა სააკაშვილმა.