„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ აგრესიული აქტივისტები ჰყავს და ესენი „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ.
„დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს “ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი – მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი უკვე გადაეცა შესაბამის ორგანოებს.
„ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ – ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდეგ კი მთელი საქართველო. მთელ ჩვენს ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება; გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმი. ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო და მისი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს. გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა “ადუღდეს”.
„ის ძალა, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, რომ შეუერთდეს დასავლეთ საქართველოს მთლიანად. იმიტომ, რომ იქ ზესტაფონში და სამტრედიაში გვყავს პლუს ამას. აჭარა უნდა ადუღდეს რადგან „პადძერჟკა“ მისცეს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვარშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი. იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი, გორი უნდა შეუერთდეს. აი, ამისთვის თბილისში მინიმუმ ათასი ათას კაციანი მობილიზებული ჯგუფი, ჩვენ რაც გვინდოდა მაგალითად თელავში. მობილიზება აქედან იქით, ეს ნიშნავს, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე“, – აცხადებს ნინია ცისკარიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.