ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილში, რომელშიც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„აღიარებული გვაქვს დასავლური ორიენტაციისკენ საქართველოს სუვერენული ერის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ასეთი მყარი საფუძვლის პირობებში, ველი აშშ-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას მომდევნო წლებში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებისკენ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვის წერილში.