საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაკოს პრინც ალბერტ მეორეს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ალბერტ მეორემ ხაზი გაუსვა მონაკოს მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში.
გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მონაკო, გაეროს ფორმატში მიღებული რეზოლუციების მხარდაჭერას ტრადიციულად გააგრძელებს.
მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალი აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში დაპატიჟა.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.
გიორგი მარგველაშვილი მონაკოს პრინცს შეხვდა
2016/08/05 22:49:40
კომენტარები
ნანახია: 1418 ჯერ