8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს, – განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
“არ შეიძლება ასე ტიპის დანაშაული, რაც 8 წლის წინ მოხდა საქართველოში, ეთნიკური წმენდა, ყველა პარამეტრით საერთაშორისო ომის დანაშაულების მთელი კასკადი იყო, რჩებოდეს დაუსჯელი, იმის მიუხედავად, დიდია ქვეყანა თუ პატარა და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, სუპერსახელმწიფოზე გვაქვს საუბარი, დაუსჯელი დარჩეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ 8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს. დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად 8 აგვისტოს გამო და არამხოლოდ, სამწუხაროდ ესეთი დღეები ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრია, მაგრამ 8 აგვისტოს გამოც უარს ვეტყვით ერთხელ და სამუდამოდ ოკუპაციას იქ სადაც შეგვიძლია, იქ სადაც შეგვიძლია ამაზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა. ყველაზე მარტივი არის საარჩევნო ყუთები, სადაც შეგვიძლია არა ვუთხრათ ოკუპაციას და იმ ძალებს, ვინც დღესაც ბედავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, თორემ არაფერი მოხდებოდა”,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.