რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანმა და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა, ტიმურ შაფირმა „რუსთავი 2-ის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას საქციელს „არასრულფასოვანი ადამიანის ექსტრავაგანტური გამოხტომა“ უწოდა.
“რია ნოვოსტის” ცნობითვე, შაფირი “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ეს არის არასრულფასოვანი ადამიანის ექსტრავაგანტური გამოხტომა, ჟურნალისტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არაპროფესიონალურია, ამაზრზენია. კიდევ როგორ დავახასიათოთ იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც ასე იქცევა და თან ამისთვის პირდაპირ ეთერს იყენებს. არხის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთს მომხდარის გამო“, – განაცხადა შაფირმა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2-ის“ საავტორო გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, “რუსთავი 2-ის” შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე გამოძიება დაწყებულიყო, ასევე, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინათ არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2-მა“ მაუწყებლობა უკვე განაახლა.