საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე პოლონეთში ახალგაზრდებისთვის საშემოსავლო გადასახადი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
მთავრობის მიერ მიღებული დეკლარაციის თანახმად, აგვისტოდან საშემოსავლო გადასახადისგან 26 წლამდე ასაკის ადამიანები გათავისუფლდნენ.
მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ იმედოვნებს, რომ ახალი დებულება ახალგაზრდებს შორის დასაქმების დონეს გაზრდის და უკანონო შრომას შეამცირებს. გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის მოქალაქეებიც, ვისი წლიური შემოსავალიც 20 ათას ევროს არ აღემატება.
პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, ახალი დებულება დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეეხება. ამასთან ერთად, ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას ანტისაკონსტიტუციოს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი სოციალური პროგრამებით მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში შემოდგომაზე გაიმართება.