ენერგეტიკის სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის წლების წინ მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება.
”2015 წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებასთან, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოხდა ზემოთხსენებული ელექტროენერგიის დავალიანების შემცირება 1,7 მლრდ კვტ/სთ-დან 1 მლრდ კვტ/სთ-მდე და მისი უკან – თურქეთის რესპუბლიკისთვის დაბრუნების რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20 წელი. დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით.
გარდა ამისა, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება, რისი ნათელი მაგალითებიც არის ყველა ის ერთობლივი პროექტი, ინვესტიციები და ორმხრივი მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა, განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება”, -აცხადებენ სამინისტროში.
ორი დღის წინ, “ინტერპრესნიუსმა” თურქულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველომ თურქეთის წინაშე, 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის არსებული ვალი აღიარა. როგორც თურქული მედია წერდა, 1 მილიარდი კილოვატისთვის არსებულ ვალს ქართული მხარე თურქულ კომპანია TETAŞ-ს გადაუხდის.