აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა ბიზნესოაციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, სადაც მთავრობას პასუხად უწევს არას თქმა, ესეც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული.
„იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას“ თქმა, ეს „არა“ უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, „არაც“ პასუხია“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ყველაზე სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, პასუხი „არას“ ყველაზე დიდხანს ელოდება ბიზნესი და კომპანია.
„თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიზნესთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, გადაწყვეტილი იქნება.