საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები პოლიციისგან მოითხოვენ, პარლამენტის შესასვლელთან მისვლის საშუალება მისცენ.
აქციის მონაწილეები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. ადგილზე არიან ოპოზიციის ლიდერებიც. პოლიციის წარმომადგენლები მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას პარლამენტის საშვი აქვს, თუმცა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ადგილზე პერიოდულად სიტუაცია იძაბება.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, გვიან ღამით პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.