გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
„მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში სატრანზიტო და რეგიონული ინფრასტრუქტურა, იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისი. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ და აღარ დახარჯონ დრო და რესურსები იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ,“–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა რეინვესტირდება მომავალ პროექტებში.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის.